7დეკემბერს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლამ საზეიმოდ გახსნა კეთილმოწყობილი საჭადრაკო დარბაზი.
სკოლა საერთაშორისო დიდოსტატი ქალის მსოფლიოს 2-გზის ვიცეჩემპიონის, 9 გზის ოლიმპიური ჩემპიონის და საერთაშორისო არბიტრის ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს და დავით კოდუა ხელმძღვანელობს. მისივე თაოსნობით ფოთში ყოველ ზაფხულს წარმატებით ტარდება საერთაშორისო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი". გალამაზებულმა და განახლებულმა შენობამ თავი მოუყარა სხვადასხვა ქალაქის საჭადრაკო კლუბებისა და სკოლების ხელმძღვანელებს, სკოლის აღსაზრდელებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ქალბატონი ნანა, ქ. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა, ფოთის მერის მოადგილე ლაშა კუპრეიშვილი, თვითმართველობის სხვა წარმომადგენლები. ჭადრაკის გულშემატკივრებს გვახარებს ფოთის საკრებულოს და მერიის აქტიური 
ჩართულობა ფოთის საჭადრაკო ცხოვრებაში, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სპორტის ამ ინტელექტუალური სახეობის წინსვლა და განვითარება. ხელშეწყობამ და მწვრთნელთა გუნდის შრომამ შედეგი გამოიღო, ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკის სკოლის ორმა მოჭადრაკემ ნიკოლოზ ღვამბერიამ (16 წლამდე) და გიგი აბსარიძემ (14 წლამდე) მოიპოვეს მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატის საგზურები. დავით კოდუას პროფესიონალიზმა, მონდომებამ და ორგანიზატორულმა ნიჭმა ქალაქი ფოთი გამოაცოცხლა. ახალმა დარბაზმა მოჭადრაკე ბავშვებს ნიჭის წარმოჩენის მეტი შესაძლებლობები გადაუშალა და წინსვლის უდიდესი სტიმული მისცა. ახლო მომავალში სკოლა გეგმავს პროფილის შეცვლას და საკლუბო ფერხულში ჩაბმას.
ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმატებების შესახებ კიდევ არა ერთხელ გავოგონებთ!







