Facebook

კოლხეთის სამეფო ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია...

საქართველოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უძველესი ბერძნული მითი ოქროს საწმისზე შექმნილი უნდა იყოს ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარში.

 

 

პირველი ცნობები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, კოლხეთში, ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ხომალდ "არგოთი" (ბერძნულად - "სწრაფი") არგონავტების ლაშქრობის შესახებ შემოხაულია ჰომეროსთან (ძვ.წ.III  ს.) მის ეპიკურ პოემებში "ილიადასა" და "ოდისეაში", მოგვიანებით კი - აპოლონიოს  როდოსელის (ძვ.წ.III  ს.) "არგონავტიკაში".

 

 

...იასონი, იოლკოსის ტახტის კანონიერი მემკვიდრე, კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად გაემგზავრა. იასონის მეთაურობით არგონავტების ლაშქრობა, დიდი სირთულეების მიუხედავად, მათთვის წარმატებით დასრულდა. ოქროს საწმისის კოლხეთიდან გატაცებაში არგონავტებს მზე-ღმერთის ჰელიოსის შვილიშვილი, კოლხთა მეფის აიეტის ქალიშვილი მედეა დაეხმარა, რომელსაც ღმერთების შთაგონებით უზომოდ შეუყვარდა იასონი.

მედეა - ბერძნულ მითებში საყოვლთაოდ ცნობილი "მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი", ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე - მედიცინის დედამთავრად მიიჩნევა. სწორედ მისი სახელი დაედო ძირად სიტყვა მედიცინას.

მედეა - მრავალი ხელოვანის შთაგონების წყარო, არისტოტელეს გამოთქმით, წარმოადგენს "უტრაგიკულესს" ტრაგიკულ სახეთა შორის. მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი დრამა დიდი ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს "მედეაა" (ძვ.წ. V ს.). მისი უშუალო გავლენით სხვადასხვა ეპოქაში შექმნილია 300-ზე მეტი ნაწარმოები: ლიტერატურული, მუსიკალური, ფერწერული, პლასტიკური. ევრიპიდემ უჩვეულო სიღრმით უჩვენა ადამიანის სულში მიმდინარე ბრძოლა გრძნობასა და გონებას შორის.

"ვაი, რომ ვნებამ სძლია და დათრგუნა ჩემი გონება,

კაცთა მოდგმის ამ ჯალათმა უსასტიკესმა" (ევრიპიდე, "მედეა")

კოლხი მედეა წარმოდგება ჩვენს წინაშე  ერთდროულად როგორც ბოროტებასთან მებრძოლი და, ამავე დროს, უდიდესი ბოროტების ჩამდენი ტრაგიკული გმირი. მართალია, ევრიპიდემ  რამდენადმე შეცვალა თქმულება (კერძოდ, არც ერთ ევრიპიდემდელ წყაროში არ  დასტურდება მედეას მიერ საკუთარი შვილების შეგნებულად მოკვლის მოტივი), მაგრამ ტრაგიკოსმა შეძლო ბერძნული მითოსიდან ცნობილი კოლხი პერსონაჟი მსოფლიო დრამის უპოპულარულეს სახედ ექცია. საკმარისია დღეს ვინმემ ჩაატაროს სოციოლოგიური გამოკვლევა, თუ ვის თვლის მკითხველი მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე მეტად ცნობილ სახეებად, რომ მედეა უთუოდ პირველთა რიგში იქნება დასახელებული. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ვერც ერთი ლიტერატურული პერსონაჟი ვერ გაუტოლდება ამ მხრივ მედეას.

ბიჭვინთის (აფხაზეთი, საქართველო) ზღვისპირეთს ამშვენებს დიდი ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის საოცარი ექსპრესიით შექმნილი მედეასა და მსხვერპლად შესაწირი მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟის ტრაგიზმით სავსე კომპოზიცია.

მედეას ქანდაკება ოქროს საწმისით ხელში ბათუმშიც არის აღმართული, ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს მოედანზე.

ბათუმის მისადგომებთან ცოცხლდება თქმულება არგონავტებზე. ბათუმის შემოგარენში, დღევანდელი გონიოს ციხესთან, რომელსაც ბერძნებმა მედეას აკუწული ძმის აფსირტოსის სახსოვრად აფსაროსი უწოდეს, ცოცხლდება ისტორია.

ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (VI ს.) წერს ქალაქ აფსაროსის ღირსშესანიშნაობებზე, ამფითეატრსა და ჰიპოდრომზე, და საგანგებოდ აღნიშნავს: აფსირტოსის საფლავი ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობსო.  XVIII-XIX სს. უცხოელ მოგზაურებს კიდევ უჩვენებდნენ მედეას ძმის საფლავს.

საინტერესოა აღინიშნოს რომის იმპერატორის ადრიანეს მიერ კოლხეთის ციხესიმაგრეების საინსპექციოდ გაგზავნილი დიდმოხელე ლეგატი არიანეს ინფორმაცია (II ს.), რომ მდინარე ფაზისისა (რიონი) და კოლხეთის ზღვის (შავი ზღვა) შესართავში მდებარე ქალაქ ფაზისის (ფოთი) მცხოვრებნი ჩამოსულებს ხომალდ "არგოს" ღუზას უჩვენებდნენ. მითების თანახმად, არგონავტების ხომალდი კოლხეთში სწორედ მდინარე ფაზისზე მოგზაურობდა.

მთელი რიგი ძველი ბერძენი ავტორები რეალურად თვლიდნენ არგონავტების კოლხეთში  მოგზაურობას. მათი აზრით, "კოლხეთში დაცული ოქროს საწმისი ოქროს ასოებით ტყავზე დაწერილი წიგნი იყო, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის მეშვეობით".

ეთნოგრაფიული მონაცემებით, სვანეთში მდინარე ენგურის ქვიშებიდან ოქროს ცხვრის ტყავის მეშვეობით მოიპოვებდნენ.

ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის (2003-2004) აღმოჩენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბერძნულ მითებში აღწერილი ოქრომრავალი კოლხეთის რეალობას და ცხადყოფს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ანტიკური ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა.

გეოგრაფიის მამად წოდებული დიდი ბერძენი მეცნიერი სტრაბონი ( ძვ.წ. I ს.) ასეთნაირად ახასიათებდა დასავლეთ საქართველოს, ისტორიულ კოლხეთს თავის "გეოგრაფიაში":

"რაოდენ სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ამას მოწმობს მითები იასონის ლაშქრობაზე, ხოლო მასზე ადრე ფრიქსეს შესახებ. ამ ქვეყნის სიმდიდრე - ოქროთი, ვერცხლით და რკინით იყო ნამდვილი მიზეზი არგონავტების ლაშქრობისა..."

ათასწლეულების შემდეგ, თანამედროვე ეპოქაში არგონავტებს გადატანითი მნიშვნელობით უწოდებენ ოქროს, თუ საერთოდ სიმდიდრის მოსაპოვებლად უცხო ქვეყნებში მოხეტიალე თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს.

 

 

 

 

მასალა მოგვაწოდა ნანა ალექსანდრიამ (საერთაშორისო დიდოსტატი, საერთაშორისო არბიტრი)